ანტი-დასავლური ნარატივები უსაფრთხოების სფეროში
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან ჰიბრიდულ ომში იმყოფება, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტიც საინფორმაციო ომია. ამ ომში რუსეთი უამრავ მითს, ტყუილს და მანიპულაციურ ინფორმაციას იყენებს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად და ანტი-დასავლური განწყობების გასაღვივებლად. ამ კამპანიაში ორი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების დაკნინება და დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის საქართველოსთვის უსარგებლოდ გამოცხადება.
რუსული პროპაგანდა აგვისტოს ომის დროს საგარეო დახმარების შესახებ
რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდული ომში აქტიურად გამოიყენება 2008 წლის ომის თემა. პრო-რუსი პოლიტიკოსების უმრავლესობა დიდი ხანია ავრცელებს ცრუ ნარატივს იმის შესახებ, რომ ომის უმძიმეს დღეებში აშშ საქართველოს მხოლოდ "წყლითა და პამპერსებით დაეხმარა." ამ ტიპის განცხადებები სხვადასხვა დროს გააკეთეს ნინო ბურჯანაძემ, 1 აგვისტოს, ტელეკომპანია კავკასიაზე გადაცემაში "ბარიერი": "ამერიკას პამპერსების და წყლის გარდა არაფერი გამოუგზავნია ჩვენთვის 2008 წელს, იგივე არის ახლა." დაახლოებით შინაარსის განცხადება გააკეთა ჯონდი ბაღათურიამ გაზეთ "ალიასთან" 6-12 თებერვლის ნომერში: "გამოცდილება გვაქვს გაჭირვების დროს, ომის დროს პამპერსებს რომ გვიგზავნიან ამერიკელები და სხვას არაფერს."


რეალობა კი სრულიად განსხვავებულია, აგვისტოს ომის შემდეგ პარტნიორმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა 4.4 მილიარდ $-ზე დიდი დახმარება გამოუყვეს საქართველოს. გარდა ამისა, ომის პერიოდში საქართველოს საზღვაო აკვატორიაში შემოვიდნენ აშშ-ს მე-6 ფლოტის გემები, რომელთა შემოსვლაც ძალიან ძლიერი სამხედრო მესიჯი იყო რუსეთისთვის.


საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორი - გიორგი გოგუაძე უსაფრთხოების სფეროში ანტი-დასავლურ ნარატივებზე საუბრობს. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, არის თუ არა ეს რეალისტური დღეს და რა განაპირობებს საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსს აშშ-სთვის.
მითები იმის შესახებ, რომ აშშ საქართველოს სხვა ქვეყნებზე ნაკლებად ეხმარება
ამ ნარატივის გაგრძელებაა ნარატივი იმის შესახებ, რომ საქართველო საკუთარი კონტრიბუციის გათვალისწინებით ნაკლებ დახმარებას იღებს. ამ ნარატივს აქტიურად ავრცელებს "პატრიოტთა ალიანსი" და მისი პარტიული ტელევიზია "ობიექტივი." მაგალითად გადაცემა "ღამის სტუდიაში" 25 თებერვალს გურამ ნიკოლაიშვილმა განაცხადა: „მაგრამ ის [სომხეთი] რამდენს აგზავნის, რას აკეთებს და ამერიკიდან დახმარება თქვენ რაფერ გგონიათ სომხეთს აქვს მეტი თუ საქართველოს, ორჯერ მეტი აქვს ვიდრე ჩვენ."

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწერული დახმარება სექტორების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ეკონომიკური განვითარება - 589 მლნ $; ინფრასრუქტურა - 158 მლნ $; სოფლის მეურნება 58 მლნ $; დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა 291 მლნ $; განათლება 38 მლნ $ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა 1 მლნ $.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჯამში 2000 წლიდან დღემდე საქართველოს აშშ-სგან მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს მიღებული. ხოლო იმავე წლებში სომხეთმა დახმარების სახით 200 000 მლნ $ მიიღო.
რას გვაძლევს ნატო?
რუსული და პრო-რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი მიმართულება არის ნატოს დისკრედიტაცია და მისი საქართველოსთვის არასაჭირო ორგანიზაციად წარმოჩენაა. ამ მიმართულებით კიდევ ერთი დეზინფორმაციის ავტორი გურამ ნიკოლაიშვილი გახლავთ, რომელმაც 19 ივლისს, საქართველო და მსოფლიოს განუცხადა: "საერთოდ, ნატო არის ბლოკი, რომელიც არავის არაფერს აძლევს, მაგრამ რატომღაც აქ დღეს ამის დაჯერება ბევრს არ უნდა. არაფერს ვამბობ მათზე, ვინც ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ხალხს თვალში ნაცარს აყრის...ნატოში ჩვენ ვერ შევალთ ვერასდროს და, თუ შევალთ, მხოლოდ რუსეთის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის თავდაცვის გეგმა აგებულია ერთ რამეზე: ნებისმიერი უცხო ძალა, ამ შემთხვევაში ნატო, მის საზღვრებს არ უნდა მიუახლოვდეს იმ მანძილზე, რომ იქიდან რუსეთის მიმართულებით გაშვებულ რაკეტას თხუთმეტ წუთზე ნაკლები დასჭირდეს დანიშნულების ადგილამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაანადგურებს სამიზნეს და ცხადია, რუსეთი, ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამას არასოდეს დაუშვებს".

ეს ნარატივი ქართველ პოლიტიკოსებშიც ძალიან გავრცელებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ამ ტიპის დეზინფორმაციას. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ნატოსთან აქტიურმა ურთიერთობამ უკვე ძალიან ბევრი მისცა საქართველოს. ჯერ კიდევ ძალიან მძიმე 90-იან წლებში, საქართველო გახდა ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PfP - Parntnership for Peace) პროგრამის თანამონაწილე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში ერთობლივად იმართება სამხედრო წვრთნები და სამეთაურო-საშტაბო სწავლებები. საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის სემინარებსა და კონფერენციებში. ამასთანავე ქართველი სამხედროები მონაწილეობდნენ ნატოს სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში კოსოვოსა და ავღანეთში, სადაც მათ ფასდაუდებელი სამხედრო გამოცდილება შეიძინეს. 2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC). 2016 წლის 10-20 ნოემბერს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" (SNGP) ფარგლებში დაარსებულმა წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პირველად ნატო-საქართველოს ერთობლივ მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციურ სწავლებას უმასპინძლა. ამავე სფეროში თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გახსნა თბილისში ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით.

რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ორგანიზაციის ყველა წევრმა ერთობლივად განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო. აღნიშნული დეზინფორმაციის გადასამოწმებლად საკმარისია რუკას დავხედოთ, სადაც დავინახავთ, რომ ნატოს წევრია რუსეთის 4 მეზობელი სახელმწიფო: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი. ოთხივე მათგანი უფრო ახლოს მდებარეობს რუსეთის დედაქალაქთან, ვიდრე საქართველო და შესაბამისად დეზინფორმაციის გამავრცელებლის ლოგიკასვე რომ მივყვეთ, რაკეტის გაშვებიდან 15 წუთის მანძილზე მყოფი სახელმწიფოების ნატოში შესვლა ნატომ უკვე დაუშვა. ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების გარდა, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო თავის თავს მოიაზრებს ჩრდილოატლანტიკური სივრცის ნაწილად და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ ქვეყანაში ინსტიტუტების განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

ამავე კონტექსტში ახორციელებენ აქტივობებს საქართველში მოქმედი პრო-რუსული პარტიები. რამდენიმე წლის წინ ნინო ბურჯანაძის "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" გამოდიოდა ინიციატივით საქართველო ყოფილიყო უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანა, ხოლო ბოლო პერიოდში ნატოს საწინააღმდეგო კამპანია განაახლა "პატრიოტთა ალიანსმა." პარტიის მოთხოვნაა საქართველომ "სამხედრო მიუმხრობლობა" გამოაცხადოს, რაც ავტომატურად ნიშნავს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.


გვჭირდება თუ არა ჯაველინები?
ანტი-ამერიკული და ნატოს საწინააღმდეგო რიტორიკის გაგრძელებაა პრორუსი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიერ მუდმივი აპელირება იმის შესახებ, რომ აშშ-დან ნაყიდი ჯაველინები საქართველოს არ სჭირდება, ან ჩვენი ნების საწინააღმდეგოდაა შეძენილი, ან იმდენად ძვირია ამ ხარჯის გაღება არ ღირდა. ჯაველინების საწინააღმდეგო კამპანია იმდენად ფართოდ არის გაშლილი და იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ აშკარაა რუსეთი ძალიან გააღიზიანა აშშ-ს ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებამ. ამ ტიპის რიტორიკით გამოირჩევიან ის პოლიტიკოსები და ტელევიზიები, რომლებიც ზოგადად ანტი-დასავლური განწყობების გავრცელებით არიან გამორჩეული.
"ჩვენ ვყიდულობთ ძვირადღირებულ სარაკეტო კომპლექსებს, მაგრამ ამ დროს ჩვენ გვესმის რომ "ჯაველინი," მაგალითად T-14-ს, რუსეთის ტანკს, რომელსაც აქვს ახალი ჯავშანი, ვერაფერს ვერ უშავებ ფაქტიურად 60%-ში. ანუ ეს კომპლექსი ფაქტიურად გამოუყენებელი აღმოჩნდა, აღმოჩნდება აგრესიის შემთხვევაში."
გიორგი ლომია
"პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტში
„როცა ჯაველინებს ყიდულობ ქვეყანა, რომელიც, არ ვამბობ, რომ ცუდია, მაგრამ იმ ეფექტს ვერ გაძლევს, რაც გჭირდება თავდაცვისუნარიანობისთვის, და დახედე რამდენია გადახდილი, მერე მიხვდები, რომ ეს ხარჯი მიზნობრივი არ არის".
გოჩა თევდორაძე
"პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი
„გვყავს [არტილერია], მაგრამ დააყენეს კონსერვაციაზე, ჯაველინები უნდა ჩამოვიტანოთო და რუსებს უნდა გავეჩხიროთ ყელშიო მოუნელებელ ლუკმადო. 92 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, საერთოდ ამ ჩვენს იმაში 5 ტანკი იყო განადგურებული. ეს ტანკი ვერ დადის იქ, განსაკუთრებით აი, კავკასიის ფერდობებზე. მე არ ვიცი... ჩვენ არ გვეკითხებიან იმ იარაღს გვაძლევენ, თანაც გვაძლევენ, გეუბნებიან მოგყიდითო. იგივე მისცეს უკრაინას. უკრაინამ თქვა მე ჩემი კარნეტი მაქვს, ეს არ მჭირდებაო, თანაც 49 მილიონი დოლარი გადავიხადოო, აიღეს მერე ცალკე სხვა იმით მისცეს, მერე უკრაინას 49 მილიონი დოლარი და აყიდინეს 210 ცალი ეს ჯაველინი... ჩვენ ჩვენი ფულით, ჩვენი ბიუჯეტით."
გურამ ნიკოლაიშვილი
გენერალ-ლეიტენანტი, ტელეკომპანია "ობიექტივის" წამყვანი
ჯაველინების შესახებ რუსული მესიჯბოქსი რამდენიმე მიზანს ისახავს. როგორც ყოველთვის ყველა ეს ნარატივი მცდარია. ჯაველინი მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსია, რომლის შეძენაც საქართველოს და უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში სურდათ, მაგრამ მისი გადმოცემა მხოლოდ აშშ-ს ახლანდელმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველომ ჯაველინის 410 რაკეტა და 72 გამშვები ბლოკი საქართველოს 75 მილიონი დოლარი დაუჯდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარება 82 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2018 წელს - 47 მილიონი დოლარი.

ჯაველინების საკითხზე სიცრუის ტირაჟირების გაგრძელებაა საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეს სისტემები აშშ-მ უკრაინას აჩუქა, ხოლო საქართველოს ამაში ფული გადაახდევინა. რეალურად უკრაინამ ეს სისტემები საქართველოს მსგავსად ოფიციალურად შეიძინა და მათში 47 მილიონი $ გადაიხადა.

რაც შეეხება თავად ჯაველინის სისტემებს, FGM-148 "ჯაველინი" არის ამერიკული გადასატანი ანტი-სატანკო სისტემა. მოქმედებს პრინციპით "ისროლე და დაივიწყე"(Fire-and-Forget). ის იყენებს ავტომატურ ინფრაწითელ მართვას, რაც მსროლელს საშუალებას აძლევს თავშესაფრის ძიება დაიწყოს გასროლისთანავე, განსხვავებით სხვა სისტემებისგან, როცა რაკეტის მართვას მსროლელი გასროლის შემდეგაც აგრძელებს. მისი მთავარი უპირატესობა სხვა სისტემებთან ის არის, რომ გასროლილი რაკეტა სამიზნეს ზემოდან ეცემა, სადაც ჯავშანტექნიკას ყველაზე თხელი ჯავშანი გააჩნია. მაგრამ თუ სამიზნე ახლოს მდებარეობს, ცხადია შესაძლებელია პირდაპირი გასროლაც. ჯაველინებს იყენებენ საფორთიფიკაციო ნაგებობების წინააღმდეგაც. გამშვები ბლოკი დღისა და ღამის ხედვის მოწყობილობასთან ინტეგრირდება და უზრუნველყოფს სამიზნის განადგურებას რიგ გარემოებათა მიუხედავად, მათ შორის უამინდობის პირობებშიც.

ამ სისტემის ეფექტურობა სხვადასხვა ბრძოლებში დადასტურდა. ის გამოიყენებოდა ერაყში, ავღანეთსა და სირიაში. სხვა ანტი-სატანკო სისტემებისგან განსხვავებით ჯაველინი არის მსუბუქი, მისი გადამტანი ჯგუფი შედგება ორი ადამიანისიგან: ერთი არის მსროლელი, ხოლო მეორე გადამტენი. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება ერთ ადამიანსაც შეუძლია. მაგრამ სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც მსროლელი უმიზნებს ჯგუფის მეორე წევრი პერიმეტრს აკონტროლებს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მისი კიდევ ერთი უპირატესობა მოქმედების მანძილია. ჯაველინის გასროლის მაქსიმალური მანძილი 4,750 მეტრია (4.75კმ), რაც სხვადასხვა დროს დამტკიცდა წვრთვნებსა თუ საბრძოლო ვითარებაში. 2016 წლის ივნისში, UK Vehicle Tests-ებისას 5 რაკეტა გაისროლეს სხვადასხვა მანძილზე 1.2-დან 4.3 კილომეტრამდე და ყველა მათგანი ზუსტი იყო. ამ ტესტების შემდეგ საბოლოო დასკვნა დაიწერა: "ტესტებზე დადასტურდა, რომ ჯაველინის სანდოობის ხარისხი არის 94%-ზე მეტი."

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის, გიორგი ლომიას განცხადება იმის შესახებ, რომ ჯაველინის სისტემები თანამედროვე რუსულ ტანკს T-14 Armata-ს წინააღმდეგ უძლურია, რეალობას მოკლებულია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტანკები რუსეთმა საკმაოდ მცირე რაოდენობით შეიძინა, ჯამში მხოლოდ 100 ერთეულის შეკვეთა მოხდა, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო რუსეთს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ამ ტანკების დიდი რაოდენობით შესყიდვა ვერ მოხერხდა. ტექნიკურად რამდენად ლახავს ამ ტანკის უსაფრთხოების სისტემებს ჯაველინი ძალიან რთული სათქმელია, რადგან ისინი ერთმანეთს ბრძოლაში არასდროს შეხვედრიან. რაც მთავარია, ორივე მხარე მალავს შეიარაღების სრულყოფილ მონაცემებს და სწორედ ამიტომაა ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება საჭირო ჯაველინების საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის გადასაცემად. აშშ ცდილობს თავი დაიზღვიოს მსგავსი სისტემების მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩენისგან. დღევანდელი მონაცემებით რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არმატას ტიპის ტანკები არ ჰყავს განლაგებული, ასევე ზოგადად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც წესი, რუსული ტანკები ჯაველინის სისტემის წინააღმდეგ უძლურები არიან.
ავტორი
გიორგი ლოლაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website